Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო სამ თვეში საქართველოში მოხდა 800-ზე მეტი ოჯახური დანაშაული


საქართველოს შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 855 პირი. ყველაზე მეტი, 424 თბილისშია დაკავებული. რაც შეეხება რეგიონებს, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დააკავეს 78 მოქალაქე, ქვემო ქართლში 76, კახეთში 68, შიდა ქართლში 66, აჭარაში 40, სამცხე-ჯავახეთში 39, სამეგრელოსა და გურიაში 25-25 და მცხეთა-მთიანეთში 14. უმეტესობა დაკავებულია ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებებით. სტატისტიკა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ. მისი ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სამართალდამცველების მიერ 1402 პირის მიმართ გაცემულია შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდა გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. თოლორაიას განცხადებით, 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ, 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. ამასთან, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ არაერთი მსხვერპლი კვლავ თავს იკავებს დანაშაულის შეტყობინების და პოლიციასთან თანამშრომლობისგან. ლონდა თოლორაიამ ძალადობის ყველა მსხვერპლს და ინფორმაციის მფლობელ პირებს მოუწოდა, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG