Accessibility links

რუსეთიდან ამერიკელ დიპლომატებს გააძევებენ


აშშ-ის საელჩო მოსკოვში

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება იმ ქვეყანათა დიპლომატების გაძევების თაობაზე, რომლებმაც მანამდე გააკეთეს განაცხადი თავიანთი ტერიტორიებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ამ ზომას „სარკისებური“ უწოდა. კერძოდ, რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევს 60 ამერიკელ დიპლომატს. აქედან 58 მუშაობდა მოსკოვში, ხოლო 2 - ეკატერინბურგში. ქვეყნის დასატოვებლად მათ ვადა 5 აპრილამდე მიეცათ. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიხუროს აშშ-ის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.

რუსი დიპლომატებისა თუ არადიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადი გაკეთებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრ, ასევე მათ პარტნიორ 28 ქვეყანას. გაძევება შეეხება თითქმის 150 პირს. 29 მარტს საქართველომ გამოაცხადა გადაწყვეტილება შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაძევების თაობაზე. მან საქართველოს ტერიტორია ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვოს.

საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილის სოლიდარობის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უარი განაცხადა ეპასუხა ბრალდებებისთვის რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტის გამო. სკრიპალები მოწამლული არიან ნივთიერებით, რომელიც რუსეთში იწარმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG