Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის


გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება“ - დაწერა ტვიტერზე ბრიტანელმა დიპლომატმა. დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო, 29 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან შუამავალი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მოთხოვა ერთ კვირაში დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ქიმიური იარაღის გამოყენებით, სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ლონდონმა მოსკოვი დაადანაშაულა და 20 მარტს ქვეყნიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. გაერთიანებული სამეფოსადმი სოლიდარობის ნიშნად, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობამ, კანადამ, ავსტრალიამ, უკრაინამ, მოლდავეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. სულ 30-მდე სახელმწიფოდან გაძევებულია საერთო ჯამში 145-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მათი უმეტესობა ეჭვმიტანილია სადაზვერვო საქმიანობაში. რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველაზე მეტი, 60 თანამშრომელი აშშ-მა გააძევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG