Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა დააზარალა დასავლეთ საქართველოს რეგიონები


ძლიერმა ქარმა დააზარალა აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონები. 2 აპრილის საღამოდან, ოზურგეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს, დააზიანა გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები მოგლიჯა. ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებს ოზურგეთის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია. ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა, ხეები მოგლიჯა და ენერგომომარაგება შეაფერხა სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც. ბათუმში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზარალა მესხის ქუჩაზე, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს პირველი ქვესადგურის შენობაში დროებით შესახლებული, ჭაღალიძეების 12 სულიანი ოჯახი. ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, წვიმამ კი ოთახები დატბორა. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ეკომიგრანტები არიან და შუახევიდან ბათუმში 2006 წელს გადასახლდნენ. საცხოვრებლის გარეშე დაჩენილი ოჯახი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს. 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 25 მეტრს აჭარბებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრია. 3 აპრილს ქარი გაძლიერდა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მისი სიჩქარე წამში 20-25 მეტრს აღწევს.

XS
SM
MD
LG