Accessibility links

კაზრეთში ოქროს მომპოვებელი კომპანიები გარემოს აბინძურებენ


კაზრეთის საბადო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სპეციალური სხდომა დაუთმო დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების პრობლემას. 3 აპრილს გამართულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანიები რამდენიმე მიმართულებით არღვევენ გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობებს. კერძოდ, აბინძურებენ მდინარეებს: მაშავერას, ფოლადაურსა და კაზრეთულს, ნიადაგს და ატმოსფერულ ჰაერს. დავითაშვილის თქმით, RMG Cooper-ის და RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით მწვავედ დგას წყლის დაბინძურების საკითხი, ამიტომ სამინისტრომ მათ მისცა გონივრული ვადა, რათა საოპერაციო არეალების მიმდებარედ აღმოფხვრან მდინარეების დაბინძურება. RMG Copper-მა 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აღკვეთოს მდინარე კაზრეთულაში ნებისმიერი დაბინძურება. ორივე კომპანიას დაეკისრა ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყონ და 2020 წლის 31 მარტამდე დაასრულონ ზომების მიღება მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურების თავიდან ასაციელბლად. გარდა ამისა, კომპანიებმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინონ გამწმენდი ნაგებობების დეტალური პროექტები, რომლებსაც სამინისტროს გეოლოგები და ჰიდროლოგები შეისწავლიან, წყლის დაბინძურების სამომავლო რისკის თავიდან ასაცილებლად. ლევან დავითაშვილის ცნობითვე, დაბა კაზრეთში ოქროს მომპოვებელი კომპანიები გარემოს ნარჩენებითაც აბინძურებდნენ, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, კომპანიებმა 2018-2020 წლების განმავლობაში უნდა შეასრულონ კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის ამ წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება, რათა შეამცირონ მტვრის ემისია და მუდმივად უნდა უზრუნველყონ ცხელ და მშრალ ამინდებში ძირითადი სატრანსპორტო გზების პერიოდული მორწყვა. დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების საკითხის განხილვისას ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტის წევრს, „მწვანეების“ ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძესა და იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის. კონფლიქტი მოჰყვა გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ კაზრეთში შექმნილ ვითარებას სათავე დაუდო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG