Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში რეორგანიზაციის შეჩერების მიუხედავად საპროტესტო აქცია გრძელდება


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა. პორტის გენერალური დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის გათვალისწინებით. ”ობიექტურობის გაზრდის მიზნით, პორტმა უკვე შექმნა შრომით კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების კომისია, რომელსაც კოლექტივის მოთხოვნის გათვალისწინებით უხელმძღვანელებს ბათუმის ნავთობტერმინალი და არა პორტის ადმინისტრაცია“ - განაცხადა რახიმმა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ბათუმის პორტის თანამშრომლები არ აპირებენ შიმშილობის აქციის შეწყვეტას. აქციის მონაწილემ, აკაკი ჭეფხოძემ 3 აპრილს, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პორტის თანამშრომელბი არ ენდობიან გენერალურ დირექტორს მით უმეტეს, რომ საუბარია რეორგანიზაციის შეჩერებაზე და არა საერთოდ, უარის თქმაზე. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ ახალ ხელმძღვანელთან დათანხმდებიან. პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. 3 აპრილის მდგომარეობით, ნავსადგურის 8 თანამშრომელი შიმშილობს. მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა პორტის თანამშრომელთა უმრავლესობამ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“, შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG