ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობაში მესამე დღეა მიმდინარეობს შიმშილობის აქცია, რომელშიც პორტის 8 თანამშრომელი მონაწილეობს. ნავსადგურის ამბულატორიის ექიმების ინფორმაციით, მოშიმშილეებს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებათ, თუმცა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 აპრილს, შიმშილობის აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. მიშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს ნავსადგურის დანარჩენმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტის ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია გადაწყვიტა და თანამშრომლებს შესთავაზა ე.წ. აუთსორსინგი, ანუ ხელშეკრულებით დასაქმება საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში. ბათუმის პორტის თანამშრომლები დღეს არსებული მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას მოითხოვენ. 3 აპრილს, საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, პორტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, რადგან გენერალურ დირექტორს აღარ ენდობიან და მის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ რახიმთან მოლაპარაკებას, 3 აპრილამდე კი გენერალური დირექტორი საერთოდ უარყოფდა რეორგანიზაციის დაწყებას. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“
ბათუმის პორტის თანამშრომლები გენერალურ დირექტორს უნდობლობას უცხადებენ

ყველაზე პოპულარული
1