Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ბათუმის პორტის გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებენ


ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ბათუმის საზღვაო ნავსადგური

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა ბათუმის პორტის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაში. ოპოზიციური პარტიის მიერ 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ნავსადგურში ტვირთის გატარებამ პიკურ მაჩვენებელს, 13,1 მილიონ ტონას 2006 წელს მიაღწია, 2017 წელს კი, მხოლოდ 4,2 მილიონი ტონა შეადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბათუმის პორტის და ნავთობტერმინალის მიტაცებას კონკრეტული სქემით ცდილობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, ერთი ვარიანტით, ტერმინალს შეიძენს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, ხოლო მეორე ვარიანტად განიხილება პორტის და ტერმინალის სამართავად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის შესვლა, მიმდინარე პროცესს კი მამაცაშვილთან და ბახტაძესთან ერთად ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სქემის ნაწილად მიიჩნევს ბათუმის პორტიდან და ტერმინალიდან თანამშრომლების დათხოვნას. ოპოზიციური პარტიის განცხადებას აბსურდული, უსაფუძვლო და პროვოკაციული უწოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. მისი განცხადებით, სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეახსენოს, რომ საქართველოში დასრულდა ბიზნესის ძარცვის და წილების გადაფორმების დრო. რაც შეეხება ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციას, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ასტანაში ესაუბრა კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელებს და მიიღო უპირობო გარანტია, რომ რეორგანიზაცია და თანამშრომელთა შემცირება არ მოხდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პორტის მოშიმშილე თანამშრომლებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.„მაქსიმალურად ვართ ჩართული კომპეტენციის ფარგლებში, რომ კონფლიქტი დროულად მოგვარდეს და აჭარის მთავრობა მოლაპარაკებაში შეასრულებს მედიატორის როლს, რათა დაცული იყოს როგორც ინევესტორის, ისე პორტის თანამშრომელთა ინტერესები“ - განუცხადა 4 აპრილს ჟურნალისტებს ზურაბ პატარაძემ. ბათუმის პორტში 2 აპრილიდან მიმდინარეობს თანამშრომელთა შიმშილობის აქცია სამუშაო ადგილების გარანტირებულად შენარჩუნების და პორტის გენერალური დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომის მოთხოვნებით. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“, შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG