Accessibility links

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას


ფედერიკა მოგერინი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ 4 აპრილს გამოთქმული სამშვიდობო ინიციატივის, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ. ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მთავრობის წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. „ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანია გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავება. ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში აგრძელებს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ მტკიცე ძალისხმევას და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG