Accessibility links

რუსული რუბლი ვარდნას განაგრძობს


მოსკოვის ბირჟაზე 11 აპრილს დილით გამართული ვაჭრობის შედეგად, რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ევროსთან მიმართებით 80 რუბლს გადააჭარბა, ერთი ამერიკული დოლარის ფასი კი 64 რუბლი გახდა, რაც პიკური მაჩვენებელია 2016 წლის მარტის შემდეგ. რუბლმა ვარდნა დაიწყო აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ. 6 აპრილს, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რუსეთის 24 მოქალაქეს ე.წ. „კრემლის სიიდან“ და 14 კომპანიას. მათ შორის „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელებს, ალექსეი მილერს და ალექსეი კოსტინს, ალუმინის მწარმოებელი კომპანიის, „რუსალის“ მთავარ აქციონერს ოლეგ დერიპასკას, ბიზნეს-ჯგუფის „რენოვას“ ხელმძღვანელს, ვიქტორ ვექსელბერგს და მათ კომპანიებს. ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ამ კომპანიების აქციების ფასიც. სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, სანქციების გამო 50-მა რუსმა მილიარდერმა უკვე დაკარგა საერთო ჯამში 16 მილიარდი დოლარი. სააგენტო „როიტერსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია „რუსალმა“ კლიენტებს თხოვა თანხა გადაიხადონ არა ამერიკული დოლარით, არამედ ევროთი, რათა გვერდი აუაროს შეერთებული შტატების სანქციებს. წყარომ არ დაასახელა ბანკები, რომლებიც ამ შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლას გარკვეული დრო დასჭირდება. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ნიუ-იორკის ბირჟამ უარი თქვა „რუსალის“ პროდუქციით ვაჭრობაზე. აშშ-ში გაიყინა სანქციების სიაში შეტანილი ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები და მათთან საქმიანი კონტაქტები აიკრძალა.


დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG