Accessibility links

ტრამპი: არასოდეს მითქვამს როდის იქნება სირიაზე დარტყმა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" ახალ შეტყობინებას ავრცელებს სირიის საკითხზე და წერს, რომ მას არასოდეს უთქვამს როდის მოხდებოდა თავდასხმა სირიაზე. "არასოდეს მითქვამს როდის იქნება სირიაზე თავდასხმა. შესაძლოა ეს ძალიან მალე მოხდეს, ან არცთუ ძალიან მალე! ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-მა, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, წარმატებით იმუშავა 'ისლამური სახელმწიფოსგან' რეგიონის გასათავისუფლებლად. რად არ ისმის "გმადლობ, ამერიკავ'?"

11 აპრილს ტრამპმა ასევე ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომლითაც სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთს მოუწოდა "მოემზადოს", რადგან "რაკეტები იქნება". 11 აპრილს გავრცელებულ შეტყობინებაში ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერის გამო - მან მოსკოვს ბრალი დასდო "ცხოველის" მხარდაჭერაში, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავს "და ეს მოსწონს". განცხადებები მოჰყვა სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმას მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქზე, დამასკთან ახლოს. თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თქმით, ტრამპის ეროვნული უშიშროების გუნდმა რამდენიმე შესაძლებლობა განიხილა ამ თავდასხმის პასუხად და "საბოლოო გადაწყვეტილება" ჯერ არ არის მიღებული. 12 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი გამოვიდნენ მოწოდებით არ მოხდეს სირიის ომის ესკალაცია. რუსეთი და სირია აცხადებენ, რომ ქიმიური თავდასხმა არ მომხდარა და გამოდიან გაფრთხილებით, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებზე ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას ანალოგიური პასუხი გაეცემა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG