Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დააკავეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტი


ერევნის პოლიციამ საფრანგეთის მოედანზე დააკავა საპროტესტო აქციის 60-ზე მეტი მონაწილე. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კორესპონდენტის შეკითხვას, რა არის დაკავების მიზეზი, ერთ-ერთმა პოლიციელმა უპასუხა, რომ გადაკეტილი ტერიტორია უნდა გახსნან. ამასთან, ერევნის ცენტრალურ ქუჩებზე გაგრძელდა საპროტესტო მოძრაობის, „ჩემი ნაბიჯის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობები. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევის გამო. ბაგრამიანის გამზირიდან დაწყებული მსვლელობა შეჩერდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა სტუდენტებს მოუწოდა, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. პაშინიანის ინფორმაციით, საღამოს 7 საათზე მიტინგი გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე. 18 აპრილს, ჟურნალისტებისადმი მიმართვა გაავრცელა სომხეთის პოლიციამ. მისი განცხადებით, ნიკოლ პაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციების ადგილებში პოლიცია მოქმედებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, ამიტომ მედიასაშუალებების წარმომადგელებს თხოვენ ამ ადგილებს გინივრული მანძილით მოშორდნენ, რათა ხელი არ შეუშალონ სამართალდამცავთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამავე განცხადების თანახმად, თხოვნის შესრულების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად იქნება გარანტირებული ჟურნალისტების და მათი აპარატურის უსაფრთხოება. ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მმართველობის გახანგრძლივების წინააღმდეგ. ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 17 აპრილს, სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სარგსიანი აირჩია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

XS
SM
MD
LG