Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგარის შაქრის კომბინატის მუშები საპროტესტო მსვლელობას მართავენ


აგარის შაქრის კომბინატის მუშები დაბიდან თბილისისკენ ფეხით მიემართებიან. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. კომბინატის თანამშრომლები მეექვსე თვეა საწარმოს ამუშავებას და დასაქმებას მოითხოვენ. კომბინატის ხელმძღვანელების თქმით, საწარმოს გაჩერების მიზეზი იმპორტირებული შაქრის ფხვნილის დაბალი ფასია, რომელსაც ადგილზე წარმოებული პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს.

კომბინატის მუშები იმპორტირებული პროდუქციის რეგულირებას და ადგილობრივი საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ითხოვენ. 6 თვეა მუშები საპროტესტო აქციებს კომბინატის შესასვლელთან მართავენ და საკითხით პრემიერ-მინისტრის დაინტერესებას მოითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა არბოლიშვილი ამბობს, რომ საწარმოს თანამშრომლები შეხვდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ მათ მოთხოვნებს შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტონ შექმნილი ვითარება.

დაბა აგარაში 500-მდე მუშა კომბინატში იყო დასაქმებული და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო საწარმოში აღებული ხელფასი იყო. დღეს დილით მსვლელობაში მონაწილეობა სამასამდე ადამიანმა მიიღო, ისინი ფეხით თბილისის მიმართულებით დაიძრნენ, თუმცა დედაქალაქში 50 მდე მუშა ჩავა.

დაბა აგარიდან თბილისამდე 110 კილომეტრია.

XS
SM
MD
LG