სვაზილენდის მეფემ, მსვატი მესამემ ქვეყანას სახელწოდება შეუცვალა და ესვატინის სამეფო დაარქვა. მონარქმა გადაწყვეტილება 19 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე. მეფის განცხადებით, ქვეყანამ დაიბრუნა თავდაპირველი სახელი. ესვატინი სვაზის მიწად ითარგმნება. ბრიტანეთის ზოგიერთი სხვა, ყოფილი კოლონიისგან განსხვავებით, სვაზილენდს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელი არ შეუცვლია. მეფემ, მსვატი მესამემ სახელწოდება ესვატინი ადრეც არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა საჯარო გამოსვლის დროს, მათ შორის 2017 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. მონარქის განცხადებით, სვაზილენდი ხშირად ეშლებათ შვეიცარიაში, რადგან ისინი ინგლისურად თითქმის ერთნაირად გამოითქმის. სვაზილენდი აფრიკის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დღემდე აქვს აბსოლუტური მონარქია. მეფე მსვატი მესამე, რომელსაც 15 ცოლი ჰყავს, შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. უფლებადამცველები სვაზილენდის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ქალების დისკრიმინაციის გამო.
სვაზილენდის მეფემ ქვეყანას სახელი შეუცვალა

ყველაზე პოპულარული
1