Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და მაკრონი ისაუბრებენ ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე


აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე ისაუბრებენ, როცა მაკრონი მომავალ კვირაში თეთრ სახლს ეწვევა. ამავე წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის ლიდერთან ტრამპი ბევრ სხვა საკითხსაც განიხილავს, მათ შორის ამ ქვეყნების ერთობლივ საჰაერო დარტყმას სირიაზე, რაც წარმოადგენდა პასუხს დამასკთან ახლოს სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე. მაკრონი აშშ-ში 23-25 აპრილს იქნება და თავისი ვიზიტის ბოლო დღეს კონგრესს მიმართავს სიტყვით. ტრამპს გამოთქმული აქვს მუქარა, რომ გამოეთიშება ირანთან 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აწერენ ხელს. ხელშეკრულებამ ირანს ფინანსური სანქციები შეუმსუბუქა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ტრამპმა 12 მაისი დააწესა ვადად, როცა ხელშეკრულება ან უნდა გაუმჯობესდეს, ან გაუქმდეს. ტრამპი თეირანს ბრალს სდებს ხელშეკრულების სულისკვეთების დარღვევაში და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს "გამოასწორონ" ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელი ნაკლები". მას სურს თეირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს ახალი შეზღუდვები დაუწესდეს. აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოები ტრამპს მოუწოდებენ არ გამოეთიშოს შეთანხმებას და აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ თეირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი.

XS
SM
MD
LG