Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაშინიანი აცხადებს, რომ 22 აპრილს სერჟ სარგსიანს შეხვდება


სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ 22 აპრილს შეხვდება ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, სერჟ სარგსიანს - იმ ფონზე, როცა ერევანში უკვე ცხრა დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები სარგსიანის მმართველობის წინააღმდეგ. "სერჟ სარგსიანს შევხვდები მისი გადადგომის და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობებზე სალაპარაკოდ" - ამბობს პაშინიანი 21 თებერვალს, ფეისბუკზე ატვირთულ ვიდეომიმართვაში. პაშინიანის თქმით, შეხვედრა დანიშნულია ერევანში, სასტუმრო მერიოტში, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე. სარგსიანის ოფისს ჯერჯერობით ეს ცნობა არ დაუდასტურებია, თუმცა 21 აპრილს, უფრო ადრე სარგსიანმა განაცხადა, რომ "პოლიტიკური დიალოგის" გამართვა სურდა საპროტესტო აქციების ლიდერთან. "ღრმად შეშფოთებული ვარ შიდაპოლიტიკური პროცესებით. საიმისოდ, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი დანაკარგი, მოვუწოდებ ნიკოლ პაშინიანს მოლაპარაკების მაგიდასთან დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს" - თქვა სარგსიანმა მის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 21 აპრილს პაშინიანმა შეხვედრა გამართა პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებს ქვეყნის ლიდერის პოსტზე. 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, რომელსაც სერჟ სარგსიანი უჭერდა მხარს, სომხეთი გადავიდა მმართველობის ახალ სისტემაზე, რომელიც ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აძლიერებს პრემიერ-მინისტრის როლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG