Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპროტესტო მოძრაობის ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია


დემონსტრანტები ერევნის რესპუბლიკის მოედანზე
დემონსტრანტები ერევნის რესპუბლიკის მოედანზე

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით. 22 აპრილს, ღამით გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე აქტივისტები შეთანხმდნენ, რომ ყოველ დილით, 8 საათიდან გამართავენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან აქცია-მსვლელობებს, საღამოს 7 საათზე კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამ დრომდე დაკავებულია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი. მისმა ადვოკატმა, რუსტამ ბადასიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 23 აპრილს, დილით განუცხადა, რომ ნიკოლ პაშინიანის ადგილსამყოფელი უცნობია.

ადვოკატის თქმით, მას პოლიციის სევანის განყოფილების უფროსმა განუცხადა, რომ 22 აპრილს ნიკოლ პაშინიანი ამ განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით სხვაგან გადაიყვანეს და ვერ გაამხელს პაშინიანის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს. ადვოკატის განცხადებით, ნიკოლ პაშინიანის უფლებები უხეშად ირღვევა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მისი ხანმოკლე შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ სარგსიანთან. შეხვედრის ადგილი, სასტუმრო „მარიოტი“ სერჟ სარგსიანმა რამდენიმე წუთშივე დატოვა და ნიკოლ პაშინიანი შანტაჟში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პაშინიანმა მოლაპარაკების ერთადერთ საგნად დაასახელა სარგსიანის გადადგომის პირობები. შეხვედრის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებულ საპროტესტო მსვლელობას, რომელსაც გზა პოლიციამ გადაუკეტა და დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. ნიკოლ პაშინიანთან ერთად დააკავეს სომხეთის პარლამენტის კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის და ამ გზით მისი ძალაუფლების გახანგრძლივების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილიდან დაიწყო. პოლიციის მიერ დაკავებულია 230-ზე მეტი დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG