Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერი აირჩია


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური კონფერენცია ზუგდიდში
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური კონფერენცია ზუგდიდში

ზუგდიდში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ლაშა გოგია აირჩიეს. შეხვედრას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მათ დარბაზი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

მანამდე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია იკავებდა, რომელიც დღეს კონფერენციას არ დასწრებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სხდომაზე თანაგუნდელებთან დაპირისპირების გამო არ იმყოფებოდა და შესაძლოა პარტიაც დატოვოს. ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა ჟურნალისტებს არ დაუდასტურეს. „მე არა მგონია, მასშტაბური ტიპის დაპირისპირება იყოს პარტიაში. არც ის მგონია, რომ ედიშერ თოლორაია ტოვებდეს პარტიას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.

დღეს გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან პარტიის წარმომადგენლები, ასევე საჯარო მოხელეები და რამდენიმე სკოლის დირექტორი. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დირექტორები კონფერენციაზე იმყოფებოდნენ სტუმრის რანგში, არიან შვებულებაში და სკოლაში ჰყავთ დატოვებული მოვალეობის შემსრულებლები. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როგორც მერიაში განმარტეს, ყოველ მათგანს შესაბამისი განცხადება ჰქონდა დაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG