Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: ჩვენი რევოლუცია ეხება მხოლოდ სომხეთის საშინაო ცხოვრებას


"ჩვენს რევოლუციაში საერთოდ არ არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. ჩვენი რევოლუცია არის გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე, ის არის სომხეთის წმინდა საშინაო საქმე და ჩვენი რევოლუცია მხოლოდ სომხეთის საშინაო ცხოვრებას ეხება" - განუცხადა სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მყოფ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კორესპონდენტებს იმ კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ შედარებას სომხეთში ამჟამად მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში 2003 წელს მომხდარ "ვარდების რევოლუციას", ისევე როგორც პარალელს ფაშინიანსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ ეშინია მის მიმართ ნდობისა და პატივისცემის ფონზე ხალხისთვის იმედების გაცრუების - "ვფიქრობ, ეს ენერგია სომხეთში რაღაც დიდებულში გადაიზრდება. ვფიქრობ, დიდი წარმატება გველისო", თქვა მან.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კორესპონდენტებმა ფაშინიანს ჰკითხეს საგარეო პოლიტიკაზე მის განცხადებებზეც - პოზიციაზე, რომ შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან, დასავლეთთან და მეზობლებთან. კითხვაზე, თუ კონრეტულად როგორ აპირებს ამის გაკეთებას, ფაშინიანის პასუხი იყო - "ფრთხილად".

30 აპრილს ფაშინიანი ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა ფაქციამ, „ელკ“-მა. ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, პრემიერის თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შედეგად. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ნიკოლ ფაშინიანი უდგას.

XS
SM
MD
LG