Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ფაშინიანის კანდიდატურას


სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარალამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ფაშინიანს მხარს არ დაუჭერდა. ფაშინიანმა საპასუხოდ თქვა, რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა". სომხეთის პარლამენტში კიდევ ერთი კენჭისყრა 8 მაისს არის დანიშნული. ბაღდასარიანის განცხადებას და კენჭისყრას გაბრაზებული შეძახილებით შეეგება ერევნის ცენტრში შეკრებილი ათასობით მოქალაქე, რომელიც პარლამენტში განვითარებულ პროცესებს დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს. 42 წლის ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო, მას მხარს უჭერდა პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ფრაქცია. რესპუბლიკური პარტია 105-დან 58 მანდატს ფლობს. კენჭისყრამდე, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ფაშინიანმა მმართველ პარტიას ბრალი დასდო, რომ ის ცდილობდა ხელი შეეშალა მისი არჩევისთვის და თქვა, რომ ამგვარი მცდელობა ბიძგს მისცემს კიდევ უფრო მეტ საპროტესტო გამოსვლას. კენჭისყრისთვის მზადების პროცესში, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შეუშლიდა ხელს ფაშინიანის არჩევას, თუკი მის კანდიდატურას პარლამენტში ყველა სხვა ფრაქცია დაუჭერდა მხარს - რაც მოხდა კიდეც. მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა, ედუარდ შარმაზანოვმა 1 მაისს, კენჭისყრამდე თქვა, "დარწმუნებული ვარ მატონი ფაშინიანი ვერ იქნება პრემიერ-მინისტრიო". ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთში ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, სერჟ სარგსიანი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან - მას შემდეგ, რაც ათწლეულის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი. მანამდე, საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, სარგსიანი იძულებული იყო პრეზიდენტის პოსტიდან წასულიყო, თუმცა აპრილში დეპუტატებმა ის სწრაფად დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამას, თავის მხრივ, წინ უძღოდა ცვლილებები, რომლებმაც დაასუსტეს პრეზიდენტის და გააძლიერეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. სარგსიანის ოპონენტებმა დაიწყეს მასშტაბური საპროტესტო აქციები, ისინი აცხადებდნენ, რომ ახალი სისტემა სარგსიანს საშუალებას მისცემდა სომხეთის ლიდერად განუსაზღვრელი დროით დარჩენილიყო. დემონსტრანტები სარგსიანს და მის რესპუბლიკურ პარტიას ასევე ადანაშაულებდნენ კორუფციაში და უუნარობაში გაეუმჯობესებინათ მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ პოლიტიკური პროცესის გაგრძელების გზად ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ხედავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG