სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს 2 მაისიდან შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას და დემონსტრაციები გაგრძელდეს "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქტების ფორმით". მანამდე სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარალამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ფაშინიანს მხარს არ დაუჭერდა. ფაშინიანმა საპასუხოდ თქვა, რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა". სომხეთის პარლამენტში კიდევ ერთი კენჭისყრა 8 მაისს არის დანიშნული.