Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა "გირჩის" ორი წევრი


საქართველოს შსს-მ დაადასტურა ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წევრების, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის დაკავება. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2 მაისს პოლიციელებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საპროცესო მოქმედებებისთვის შეაჩერეს პირი, რომელიც ოპერატიული მონაცემებით, ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. შსს-ს განცხადებითვე, პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისი შემთხვევის ადგილთან მდებარეობს, არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს, ეჭვმიტანილი პირის პოლიციის შენობაში გადაყვანისას „სამართალდამცავებს დაედევნენ და აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელისშეშლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.“ შსს-ს განცხადებითვე, „გირჩის“ წევრები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ადმინისტრაციული ბრალდებებით. შსს-ს განცხადებას „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უწოდა „უსინდისო ტყუილი.“ მისი თქმით, „გირჩის“ ორი ლიდერი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდნენ აგრესიულ პოლიციელებს არ დაეკავებინათ უდანაშაულო ადამიანი. „რეალურად თავადაც ვერ დაამტკიცეს დანაშაული, ეს ადამიანი სახლშია გაშვებული და მას არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ აქვს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, პოლიცია ასე იქცევა ყოველდღე, უბრალოდ, 2 მაისს შემთხვევა მოხდა „გირჩის“ოფისთან და ამიტომ მოჰყვა ასეთი გამოხმაურება.

XS
SM
MD
LG