საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ვარჯიშს წყვეტს და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს, სანამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. სპორტსმენებმა საგანგებო განცხადება მოამზადეს, რომელშიც წერია, რომ დავით ქევხიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში ძიუდოს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება ბოლო წლებში დაფიქსირებული საერთო შედეგებით.
„რაც კი წარმატება გვქონდა, ყველა მხოლოდ ჩვენი - სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით მიიღწეოდა და არა ფედერაციის მხარდაჭერით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, მაგრამ არსებულ პირობებში ეს შეუძლებელია. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ძიუდოს ფედერაციაში“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა