Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია


ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა. თბილისი, 2018 წლის 8 მაისი
ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა. თბილისი, 2018 წლის 8 მაისი

8 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომა, რომელზეც დამტკიცდა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია: „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის," შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, წლის ბოლომდე შემუშავდება. გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. კომისიის სხდომაზე საუბარი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზეც. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შეფასებით, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. „ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ, აქტიურ ქმედებებს, რომლებიც პასუხობს გამოწვევებს, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, რაც არა მხოლოდ მატერიალური მონაპოვარია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, არამედ პოლიტიკური მონაპოვარი მთელი ქვეყნისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ნდობაა, რაც აუცილებლად გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელია.

XS
SM
MD
LG