აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები მოიკვლევენ, თუ ვინ ავრცელებს ბათუმში დეზინფორმაციას ქალაქზე ქიმიური შეტევის შესახებ. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო გუჯაბიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბათუმში გამოკრული პლაკატები, წარწერით: „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და სოციალურ ქსელში ასეთივე სახელწოდების ჯგუფის შექმნა მოსახლეობის დაშინების და შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. „ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. ზედამხედველობის სამსახურიდან მივიღეთ პასუხი, რომ მიმართვიანობის გამო დაინტერესდნენ და არაგეგმური შემოწმებით შევიდნენ პორტში და თვითონ პორტიდან მოძიებული ინფორმაციითაც, საშიში და ადამიანის სიცოცხლისთვის საგანგაშო არაფერია“ - განაცხადა სოფიო გუჯაბიძემ. ბათუმში ახლახან გამოჩნდა პლაკატები, რომელთა თანახმად, ქალაქზე ქიმიური შეტევა ხორციელდება, ეს უკავშირდება საზღვაო ნავსადგურში, ღია ცის ქვეშ აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვას და დასაწყობებას და მასის გადამუშავებისას წარმოქმნილი მტვრის გაბნევა მავნე შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმისა და ეკოსისტემისთვის. პლაკატების და სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფის შემქმნელთა ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო დავითაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სხვადასხვა მიმართვის საფუძველზე დაიწყეს ბათუმის პორტის არაგეგმური შემოწმება იმის დასადგენად დაცულია, თუ არა გარკვეული ტვირთების დამუშავების ნებართვით გათვალისწინებული პირობები და სრულდება, თუ არა დადგენილი ნორმები.
აჭარის მთავრობაში დეზინფორმირების მცდელობად აფასებენ პლაკატებს „ქიმიური შეტევა ბათუმზე“

ყველაზე პოპულარული
1