Accessibility links

აქციის მონაწილეები შს მინისტრთან შეხვედრის შედეგებს ელოდებიან


„ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები“ - მიმართა აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მონაწილეობს შეხვედრაში შს მინისტრთან. მას არ დაუკონკრეტებია მოთხოვნები, რომლებიც განიხილება პარლამენტის შენობაში მიმდინარე შეხვედრაზე. „უმორჩილესად გთხოვთ, გარკვეული პერიოდის მანძილზე შევინარჩუნოთ სიმშვიდე“ - მიმართა აქციის მონაწილეებს ბექა წიქარიშვილმა. ის დაპირდა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მათ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა შს მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოხატა. მან განაცხადა, რომ მზად არის, მივიდეს აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან და მათთან ერთად განიხილოს 12 მაისს განვითარებული მოვლენები - კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. „მზად ვარ, ადგილზე ვუპასუხო დასმულ შეკითხვებს. მჯერა შევძლებთ, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, პოლიცია რუსთაველის გამზირზე ვითარებას სრულად აკონტროლებს და „პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს“ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG