Accessibility links

რუსთაველის გამზირზე აქციები დროებით შეწყვეტილია


სპეცდანიშნულების რაზმები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირი გამთენიისას დატოვეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც გვიან ღამით ეს ტერიტორია დატოვეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა. მათ აქციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიშის და დაპირების შემდეგ, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ თბილისის კლუბებში 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას შესაძლო გადაცდომების და ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხებს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შაბათიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

აქციის განახლებას დღეს საღამოდან გეგმავს „ქართული მარში,“ რომლის წარმომადგენლები გასულ ღამით რამდენჯერმე შეეცადნენ რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონების გარღვევას და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებთან მიახლოებას. კონტრაქციის მონაწილეები აგრესიას გამოხატავდნენ არა მხოლოდ ძალადობისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეების, არამედ სამართალდამცავების მიმართაც. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის, „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელების მეთვალყურეობით დატოვეს, რის შემდეგაც ეს ადგილი დაიკავეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა. ისინი აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს ბრალს სდებდნენ ნარკომანიის მხარდაჭერაში. თბილისში საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ღამით შსს-მ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. კლუბებში სპეცრაზმელების შესვლამდე პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა 8 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG