Accessibility links

გიორგი გახარია: აქციის მონაწილეებთან ორი ჯგუფის შექმნაზე შევთანხმდით


გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ აქციის „ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ორი ჯგუფის შექმნაზე. გახარიას ინფორმაციით, ერთი ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, მეორე კი 12 მაისს, ღამის კლუბებში შესვლისას სამართალდაცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე. „ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა და მაშინ, როცა შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ეს არის პლატფორმა, რომელზეც უნდა გაგრძელდეს შემდგომი საუბარი და მიღწეული იყოს ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებები. გახარიას განცხადებითვე, შსს მზად არის განიხილოს ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს განსაკუთრებით 12 მაისის ღონისძიების შესახებ. „დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად მათთან ერთად განვიხილავთ იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან“ - განაცხადა გახარიამ. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, „დღეის მდგომარეობით არცერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის.“ გიორგი გახარიას ინფორმაციით, კლუბის შიგნით შესულ ყველა პოლიციელს ჰქონდა სამხრე კამერა და არ არსებობს უფლებამოსილების გადამეტების არცერთი დადასტურებული ფაქტი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს ძირითადად შეკითხვები ჰქონდათ იმაზე, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG