შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების რეალიზაციის 20, სპეციალური საშუალებებით გადაღებული შემთხვევა - ამის შესახებ 14 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან ამით ახსნა 12 მაისს, ღამის კლუბებში შეიარაღებული სამართალდამცავების შესვლა. გახარიას განცხადებითვე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დაფიქსირებულია ღამის კლუბების არეალიდან 112-ის გამოძახების და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანის 48 შემთხვევა. „სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
12 მაისს, პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით კლუბებს გარეთ დააკავა 8 პირი, თუმცა, იმავე ღამით კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შევიდნენ შეიარაღებული სამართალდამცავები. ამას მოჰყვა ახალგაზრდების ორდღიანი, მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციის ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წიანაღმდეგ.