Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომა მოიწვია ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო


ღაზის სექტორი. 2018 წლის 14 მაისი

გაეროს უშიშროების საბჭო 15 მაისს იმსჯელებს ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვართან მომხდარ ძალადობაზე. სხდომის მოწვევა კუვეიტმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც 14 მაისს ისრაელის არმიის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზის სექტორში საპროტესტო აქციების მონაწილეებს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 58 ადამიანი და დაიჭრა 2000-ზე მეტი. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამ. სააგენტო DPA გაეროს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-მა დაბლოკა კუვეიტის წინადადება ღაზის სექტორში მკვლელობის დაგმობის და დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ.

ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰამასი“ დაადანაშაულა საპროტესტო აქციით შენიღბულ თავდასხმაში. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმიის სამხედროები ქვეყანას იცავდნენ „ჰამასისგან,“ რომელსაც მიზნად აქვს დასახული ისრაელის განადგურება. არმიის სარდლობის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული იყო მხოლოდ ექსტრემისტების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ძალადობის პროვოცირებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა აშშ-ის ადმინისტრაციამაც. თავის მხრივ, პალესტინის ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელს ბრალად დასდო მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა და პალესტინელებს მოუწოდა, 15 მაისს საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადონ.

ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთმა კონსულტაციებისთვის ელჩები გაიწვია თელ-ავივიდან და ვაშინგტონიდან. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პალესტინელებისადმი ისრაელის მოქმედებას გენოციდი უწოდა.

14 მაისს, იერუსალიმში ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის საელჩო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა პალესტინელთა მწვავე პროტესტი, რადგან ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებმაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG