Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა რეჟისორმა რუსულ საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა


ოლეგ სენცოვი
ოლეგ სენცოვი

რუსეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ სენცოვმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მისმა ადვოკატმა, დმიტრი დინზემ ინტერნეტგამოცემას, „მედიაზონას“ აცნობა, რომ ოლეგ სენცოვი მოითხოვს რუსეთის მიერ ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. სენცოვმა, რომელიც რუსული სასამართლოს მიერ მისჯილ 20-წლიან პატიმრობას ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, დაწესებულების უფროსს წერილობით შეატყობინა, რომ 14 მაისიდან იწყებს შიმშილობას რუსეთში მყოფი 64 უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით. უკრაინელმა რეჟისორმა კოლონიაში შეხვედრისას ადვოკატს გასავრცელებლად გადასცა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი შიმშილობას შეწყვეტს მხოლოდ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში. ადვოკატის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყების შემდეგ ოლეგ სენცოვი გადაიყვანეს იზოლირებულ საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმი აკვირდება. დმიტრი დინზეს განცხადებითვე, შიმშილობის დაწყების შემდეგ ოლეგ სენცოვთან იმყოფებოდნენ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის და პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც უშედეგოდ სცადეს სენცოვის დათანხმება უარი ეთქვა შიმშილობაზე. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო ანექსირებულ ყირიმში დააკავეს 2014 წლის მაისში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მათგანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG