Accessibility links

ექიმების ინფორმაციით, სერგეი სკრიპალი თავს კარგად გრძნობს


სოლსბერის ჰოსპიტალი

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საოლქო ჰოსპიტალმა ოფიცილურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია კლინიკიდან ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის გაწერის შესახებ. საავადმყოფოს დირექტორის, კარა ჩარლზ-ბარკსის განცხადებით, შესანიშნავი ახალი ამბავია, რომ სერგეი სკრიპალი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და ჰოსპიტალი დატოვა. სოლსბერის კლინიკა აღნიშნავს, რომ პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის გამო ვერ გაამხელს მკურნალობის დეტალებს, თუმცა დასძენს, რომ სერგეი სკრიპალმა საავადმყოფო დატოვა სპეციალისტების დაძაბული და პროფესიონალური მუშაობის შედეგად. სოლსბერის კლინიკის განცხადებით, სერგეი სკრიპალის გაწერა მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გამოჯანმრთელების პროცესში, რომელიც საავადმყოფოს მიღმა გაგრძელდება. რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი კლინიკიდან 18 მაისს გაწერეს.

სოლსბერიში მცხოვრები 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს, უგონოდ აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. იულია სკრიპალმა საავადმყოფო 9 აპრილს დატოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. ორი წლის შემდეგ მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სკრიპალს მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG