Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება


ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

ვენესუელის საარჩევნო კომისიამ 20 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მადურომ მიიღო 5,8 მილიონი ხმა, რაც დაახლოებით 68%-ია. კომისიის ცნობითვე, მადუროს ძირითად კონკურენტს, ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული ავანგარდის“ ლიდერს, ანრი ფალკონს მხარი დაუჭირა მილიონნახევარმა ამომრჩეველმა, ანუ 21%-მა. არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილი სასულიერო პირი ხავიერ ბერტუჩიც, რომელმაც 925 ათასი ხმა მიიღო.

ოპოზიციონერმა ანრი ფალკონმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმები იყიდა. ფალკონის ინფორმაციით, მისმა მხარდამჭერებმა 142 ათასამდე დარღვევა დააფიქსირეს. ფალკონმა მოითხოვა, რომ ოქტომბერში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. თავის მხრივ, მადურომ ფალკონი დაადანაშაულა ხალხის უპატივცემულობაში. ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა 20 მაისის არჩევნებს ისტორიული უწოდა, თავის შედეგს კი სარეკორდო. მადუროს განცხადებით, დღემდე ვერავინ შეძლო, რომ უახლოესი მეტოქისთვის მოეგო ხმების 47%-იანი სხვაობით.

ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, ძირითადად მადუროს მომხრეებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა დამფუძნებელმა კრებამ კენჭისყრა რამდენიმე თვით ადრე, მაისში დანიშნა.

ოპოზიციონერმა ანრი ფალკონმა პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციური პარტიების კოალიციამ, „დემოკრატიული ერთიანობის ბლოკმა.“ მან არჩევნებს უწოდა სამთავრობო შოუ ლეგიტიმურობის სიმულაციის მიზნით. თავად ფალკონი აცხადებდა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხელისუფლებისგან მადუროს ჩამოშორება, რადგან მოქალაქეთა დიდ ნაწილს მისი პრეზიდენტობა აღარ სურს და სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს არ მისცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ზოგიერთი დააპატიმრა, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2013 წლის აპრილიდან. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12%-ით შემცირდა, ინფლაციამ კი 2600%-ს გადააჭარბა.

ვენესუელის წინა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა 2009 წელს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG