Accessibility links

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოითხოვს ბრძოლას რუსულ "ბინძურ ფულთან"


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება: „მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში.“ დოკუმენტის თანახმად, ზიანი, რომელიც შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას მიაყენოს რუსულმა „ბინძურმა ფულმა,“ სრულიად უმნიშვნელოს ხდის ლონდონში განხორციელებული რუსული ტრანზაქციებით მიღებულ სარგებელს. თემთა პალატის კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა კლეპტოკრატებზე პუტინის გარემოცვიდან და ადამიანის უფლებების დამრღვევებზე, რომლებიც ფულის გათეთრებით ასუსტებენ ბრიტანული ინსტიტუტებისადმი ნდობას და ალიანსებს. მოხსენების თანახმად, კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ კორუფციული აქტივებისთვის ლონდონის გამოყენება ემუქრება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, ამიტომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს და გააძლიეროს ფინანსური ზეწოლა ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე. თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი წინადადებაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოკავშირეებთან ერთად აკრძალოს რუსული ობლიგაციების გაყიდვა. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას რეესტრი იმ უცხოური კომპანიებისა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ფლობენ უძრავ ქონებას და სახელმწიფოსგან კონტრაქტებს იღებენ.

საპარლამენტო გამოძიებას საფუძვლად დაედო კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების და ჟურნალისტების და აუდიტორული კომპანიებისა და კვლევითი ცენტრებისგან მიღებული ინფორმაცია. გამოკითხულთა შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ვლადიმირ აშურკოვი, „უძრავი ქონების მეშვეობით კლეპტოკრატების მიერ ფულის გათეთრების კამპანიის“ ერთ-ერთი ინიციატორი რომან ბორისოვიჩი და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი. თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოხსენებაში აღიარებულია, რომ დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში არ მიმართავდა საკმარის ზომებს რუსეთიდან „ბინძური ფულის“ ნაკადის შესაჩერებლად და ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, მოქმედი კანონმდებლობა ვერ იქცა კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებზე არსებულ ოფშორულ ზონებში გათეთრებული ფული ილექებოდა ლონდონის ელიტურ უძრავ ქონებაში, აქციებში, ფუფუნების საგნებსა და ანგარიშებზე იმ კომპანიებისა, რომლებიც მდიდარ კლიენტებს ემსახურებიან ზედმეტი შეკითხვების გარეშე.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე დაბანდებულია დაახლოებით 4,4 მილიარდი „ბინძური“ გირვანქა სტერლინგი და ამ თანხიდან სულ მცირე 970 მილიონი ეკუთვნის მდიდარ რუსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ამ თანხის დადგენა მოხერხდა სხვადასხვა წყაროთი ინფორმაციის გაჟონვის შედეგად, რეალურად კი რუსული ფული გაცილებით მეტია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG