Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით


არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსების ორდენით. გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს. მათთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გამოძიების და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. საუბარი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საკითხზეც. "ჩვენ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შეხვედრისას.

ადვოკატ თამარ ავალიანის ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა,“ რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს, გასულ პარასკევს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნა განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. „იმედი არ გვაქვს, მაგრამ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” - განაცხადა თამარ ავალიანმა. ადვოკატის განმარტებით, უკანონო ქმედება ბრალად შეერაცხება რუსეთს, რადგან ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG