Accessibility links

პარაგვაიმ იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად


იერუსალიმი

დღეს იერუსალიმში გაიხსნა პარაგვაის საელჩო. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ პარაგვაის პრეზიდენტი, ორასიო კარტესი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. პრეზიდენტმა კარტესმა 21 მაისს უწოდა ისტორიული დღე, რომელიც განამტკიცებს პარაგვაის და ისრაელის კავშირებს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პარაგვაის მადლობა გადაუხადა ისრაელის მოქალაქეთა სახელით.

იერუსალიმში პარაგვაის საელჩოს გახსნა დაგმო „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ.“ მისი წარმომადგენლის, ხანან აშრავის განცხადებით, პარაგვაის პროვოკაციული და უპასუხისმგებლო მოქმედება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

პარაგვაი მესამე ქვეყანაა, რომელმაც თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. 14 მაისს, იერუსალიმში გაიხსნა აშშ-ის საელჩო, ხოლო 16 მაისს - გვატემალის. მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა კრიტიკულადაა განწყობილი დიპლომატიური წარმომადგენლობების იერუსალიმში გადატანის მიმართ. ამ ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოთა პოზიციაა, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა განისაზღვროს ისრაელის და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG