Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: მიუღებელია აშშ-მა მიიღოს გადაწყვეტილებები მსოფლიოს ნაცვლად


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანისთვის მიუღებელია მის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-მა მიიღოს. როჰანის ეს განცხადებები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოსვლას, რომ აშშ ირანს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. "დღევანდელი მსოფლიოსთვის მიუღებელია ის, რომ მსოფლიოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს აშშ იღებს. ქვეყნებს დამოუკიდებლობა აქვთ" - განაცხადა როჰანიმ ირანის მედიასთან და დასძინა - "რას წარმოადგენთ, რომ ირანის და მსოფლიოს ნაცვლად მიიღოთ გადაწყვეტილებები"? როჰანის ამ განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე პომპეომ თქვა, ვაშინგტონი ირანს დაუწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილაო. "სანქციების ძალა მტკივნეული იქნება, თუ [ირანის] რეჟიმი კურსს არ შეიცვლის" - თქვა პომპეომ. ვაშინგტონში, კონსერვატიული ორიენტაციის კვლევით ინსტიტუტში, Heritage Foundation-ში წარმოთქმული ეს სიტყვა პომპეოსთვის იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა. ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ გადის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. აშშ-სა და ირანის გარდა, ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც მას შემდეგ თეირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ხელშეკრულების გადასარჩენად. ჩინეთი და რუსეთიც აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ერთგულები რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG