Accessibility links

რუსმა ოლიგარქმა ლონდონს უნდა განუმარტოს მრავალმილიარდიანი ქონების წარმომავლობა


რომან აბრამოვჩი

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უნდა აუხსნას ქონების წარმომავლობა ახალი საინვესტიციო ვიზის მისაღებად - ამის შესახებ იუწყება ბრიტანული The Telegraph-ი. გამოცემის ინფორმაციით, აბრამოვიჩისთვის წაყენებული მოთხოვნა არ ნიშნავს მის მიმართ გამოძიების დაწყებას. ვიზის მიღების გამკაცრებული წესებით, პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქონება კანონიერი გზით აქვს მოპოვებული. დიდ ბრიტანეთში საინვესტიციო ვიზას 3 წლისა და 4 თვის ვადით აძლევენ პირს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში დაბანდებული აქვს სულ მცირე ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი. აბრამოვიჩისთვის გაცმეული ვიზის მოქმედების ვადა აპრილში ამოიწურა, რის შემდეგაც რუსმა ოლიგარქმა ვიზის გაგრძელება ითხოვა. 20 აპრილს ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩს ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრეს. რომან აბრამოვიჩი, რომელიც ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ მფლობელია, 19 მაისს არ ესწრებოდა „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩს.

21 მაისს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება: „მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში.“ დოკუმენტის თანახმად, ზიანი, რომელიც შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას მიაყენოს რუსულმა „ბინძურმა ფულმა,“ სრულიად უმნიშვნელოს ხდის ლონდონში განხორციელებული რუსული ტრანზაქციებით მიღებულ სარგებელს. თემთა პალატის კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა კლეპტოკრატებზე პუტინის გარემოცვიდან და ადამიანის უფლებების დამრღვევებზე, რომლებიც ფულის გათეთრებით ასუსტებენ ბრიტანული ინსტიტუტებისადმი ნდობას. მოხსენების თანახმად, კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ კორუფციული აქტივებისთვის ლონდონის გამოყენება ემუქრება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, ამიტომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს და გააძლიეროს ფინანსური ზეწოლა ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG