Accessibility links

აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას


აკაკი ზოიძე

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დასრულდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. დღის წესრიგში იყო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაცია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი პოზიცია დაახლოვდა, თუმცა საჭიროა დამატებითი კონსულტაცია და 7 ივნისისთვის მზად იქნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი. აკაკი ზოიძეს შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, აღნიშნა, რომ „პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა.“ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, აკაკი ზოიძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ისევე, როგორც გუნდის დანარჩენი წევრები.“ ზოიძის განცხადებით, ეს პოზიცია მიიღებს კონკრეტულ ფორმას და გადაწყვეტილების მიღება „არ გაგრძელდება უსასრულოდ.“ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა პოზიციაა, რომ კანონმდებლობა ჰუმანური უნდა გახდეს ნარკომომხმარებლების მიმართ და გამკაცრდეს ნარკოტიკის გამსაღებელთა წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG