Accessibility links

რუსთავის 36-ე ბაგა-ბაღიდან  გადასამოწმებლად 11 კილოგრამი ხორცი  ამოიღეს


რუსთავი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა 22 მაისს რუსთავის 36-ე ბაგა-ბაღიდან 11 კილოგრამი ხორცი ამოიღეს, დალუქეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

დამუშავების დროს გაყინული წვრილფეხა საქონლის ხორცის სანიტარიულ-ჰიგიენურმა მდგომარეობამ ხსენებული ბაღის მზარეულებში ეჭვი აღძრა, რის გამოც სპეციალისტები გამოიძახეს.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ მაკარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვის მიერ არის ხორცი შემოტანილი. გაერკვევიან შემომტანის დოკუმენტაციაში, შემოწმდება „მთელი სპექტრი“:

„მთავარი ისაა, რომ, როგორც კი გაყინული ხორცის გალღობის პროცესმა ეჭვი აღძრა, მაშინვე შეწყდა მისი დამუშავება. ახლა ლაბორატორია გვეტყვის პასუხს. არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შემოწმდება ბაღებში შეტანილი ხორცის მთელი პარტია, რომელსაც ამოღებული ხორცი ეკუთვნოდა“.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ეკა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაერთიანების ხარისხის სპეციალისტები ახორციელებენ ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების მუდმივ მონიტორინგს პროდუქტების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:

„თუკი რაიმე საეჭვოს ვამჩნევთ, პროდუქტებს ვაგზავნით ლაბორატორიულ კვლევაზე და აუცილებლად ვატყობინებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსთავის ბაღებში შედის ჯანსაღი საკვები. დღეს არ დაგვაკმაყოფილა დალუქული ხორცის ვიზუალურმა სურათმა, ამიტომ მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმედი მაქვს, რომ ეჭვი გაქარწყლდება და დავმშვიდდებით ჩვენც და ჩვენი აღსაზრდელების მშობლებიც“.

ეკა ხუციშვილის ცნობით, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2018 წლიდან მუშაობს საკვების შემომტან მხოლოდ ერთ კომპანიასთან, ტენდერში გამარჯვებულ „ბადასთან“, თუმცა, მისივე სიტყვებით, არ იცის, თავად 36-ე ბაღს სხვა კიდევ თუ ამარაგებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG