Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სახლში უმასპინძლა


გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი. თბილისი, 2017 წლის 31 ივლისი
გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი. თბილისი, 2017 წლის 31 ივლისი

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს, 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში, თავის სახლში მიიწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა. შეხვედრის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაადასტურეს აშშ-ისა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში. მაიკ პენსმა საქართველოს მიულოცა დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგის ყველა საკითხი. პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, „შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში.“ ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 2017 წლის ივლისში სტუმრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG