Accessibility links

ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი


„წინა საუკუნეში თქვენ თქვენს ხელში აიღეთ მომავალი. თქვენ ამჯობინეთ იმედი შიშს და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ - ასე მიმართა ევრიკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს, თავისუფლების მოედნიდან, სადაც გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, საქართველო ამართლებს სულისკვეთებას 1918 წლის 26 მაისისა, საუკუნის წინანდელი დღისა, როდესაც „თანამედროვე საქართველო დაიბადა.“

„ქვეყანა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შენდებოდა დემოკრატიის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებზე - ფასეულობებზე, რომლებსაც ამჟამად ეფუძნება ევროპა“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, პრობლემების, კონფლიქტებისა თუ ტკივილების მიუხედავად, საქართველო ყოველთვის ემსახურებოდა ამ ფასეულობებს.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგანაც ევროპასთან საქართველოს ისტორია და გეოგრაფია აკავშირებს, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო დაახლოვება.

„ვისურვებდი, რომ ეს საგანგებო საბაბი იქცეს დასაწყისად ჩვენი საერთო ისტორიის ახალი ფურცელისა. ჩემი მოწოდება ყოველთვის იყო ის, რომ ევროკავშირმა გაუგზავნოს დამაიმედებელი მესიჯი საქართველოს და განსაკუთრებით - მის ახალგაზრდობას“ - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც საჭიროდ თვლის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მეტი ბარიერის დანგრევას და ურთიერთმხარდაჭერის გაძლიერებას, უკვე მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG