Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრეზიდენტი ცდილობს "ტექნოკრატების მთავრობის" შექმნას


სერჯო მატარელა
სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დღეს შეხვდება ეკონომისტს, საერთშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს, კარლო კოტარელის. წინასწარი ინფორმაციით, მატარელა კოტარელის შესთავაზებს, სათავეში ჩაუდგეს „ტექნოკრატების მთავრობას,“ რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს ახალ არჩევნებამდე. ამასთან, დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს „ტექნოკრატების მთავრობის“ შექმნას.

იტალიის მთავრობის ფორმირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი. იტალიაში, მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა, ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთმა ვარსკვლავმა“ შექმნეს კოალიცია და პრემიერ-მინისტრად წარადგინეს იურისტი ჯუზეპე კონტე. მან პრეზიდენტისგან 23 მაისს მიიღო მთავრობის ფორმირების მანდატი, რომელიც 27 მაისს უკან დაუბრუნა. უთანხმოების მიზეზად იქცა კონტეს მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, მან როგორც საზოგადოების და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტმა, სავონას კანდიდატურა უარყო, რადგან ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა საფრთხეს შეუქმნიდა ევროზონის წევრობას. სერჯო მატარელას განცხადებითვე, იტალიაში პოპულისტური მთავრობის შექმნის პერსპექტივამ შეაშფოთა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები. პოპულისტური პარტია „ხუთი ვარსკვლავი“ პრეზიდენტ მატარელას იმპიჩმენტით დაემუქრა, ნაციონალისტურმა „ჩრდილოეთის ლიგამ“ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG