Accessibility links

თბილისში გაიმართება აქცია აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად


დღეს ერთი წელი შესრულდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან. საღამოს 5 საათზე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართავენ აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას, საქმის ეფექტური გამოძიების და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნებით. „ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ ინფორმაცია გამოძიებაში პროგრესის შესახებ და არ გაქარწყლებულა ეჭვი ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჟურნალისტი, მისი ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების გამო, 2017 წლის 20 ივლისს, თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა. იმავე დღეს შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით 30 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცა მთავარ პროკურატურას.

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დაკითხულია ასეულობით მოწმე და გამოკვლეულია ასობით საათის ვიდეოჩანაწერები. „ამ ეტაპზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა“ - განუცხადა 24 მაისს, ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანისგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს აფგან მუხთარლის დაკითხვას და ასევე, აინტერესებს სასამართლოს განაჩენში მოყვანილი იურიდიული ფაქტები, რადგან საქართველოში მიმდინარე გამოძიების წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანიდან ინფორმაციის მიღება.

2017 წლის ზაფხულში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს, ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG