Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაზე


არკადი ბაბჩენკო
არკადი ბაბჩენკო

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი კიევში, რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაზე. გროისმანის თქმით, მოსკოვმა ჟურნალისტს არ აპატია წესიერება და პრინციპულობა. პრემიერ-მინისტრმა არკადი ბაბჩენკოს უწოდა უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მსოფლიოს უყვებოდა სიმართლეს რუსული აგრესიის შესახებ. ბაბჩენკოს მკვლელობასთან რუსეთის კავშირი არ გამორიცხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმაც. მისი განცხადებით, საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაადრევია, თუმცა, კრემლმა ადრეც არაერთხელ გამოიყენა უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის პოლიტიკური მკვლელობები. ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კლიმკინმა აღნიშნა, რომ არკადი ბაბჩენკო მუქარამ აიძულა რუსეთი დაეტოვებინა, თუმცა განაგრძობდა დემოკრატიისთვის ბრძოლას და მოსკოვი მას მტრად განიხილავდა.

ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო 29 მაისს მოკლეს კიევში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ბაბჩენკოს ზურგში სამჯერ ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიება განიხილავს ორ ძირითად ვერსიას - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო პოზიციას. არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის გამო საქმე აღძრა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც.

არკადი ბაბჩენკო რუსეთში თანამშრომლობდა არაერთ გამოცემასთან, მათ შორის „ნოვაია გაზეტასთან“ და ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას. ჟურნალისტმა რუსეთი 2017 წელს დატოვა. მოსკოვიდან გამგზავრების შემდეგ ბაბჩენკომ განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება იგეგმებოდა. ბოლო ხანს არკადი ბაბჩენკო ყირიმელი თათრების ტელეკომპანიის, ATR-ის წამყვანი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG