Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა ოფიციალურად მიიღო ოძეკის წოდება


ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე)
ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე)

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ლევან გორგაძეს ოძეკის წოდება მიანიჭა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილ ქართველ სუმოისტს ასე დაუფასეს 2018 წლის სამ სუპერტურნირზე (ბაშო) ნაჩვენები შთამბეჭდავი დადებითი ბალანსი.

30 წლის ლევან გორგაძე მესამე ევროპელი ოძეკია სუმოს ისტორიაში, ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ.

ოძეკის ზემოთ მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა. ოძეკი რომ იოკოძუნა გახდეს, ზედიზედ ორი ბაშო უნდა მოიგოს, თუმცა უმაღლესი ტიტულის მისაღებად შეიძლება შთამბეჭდავი დადებითი ბალანსიც საკმარისი აღმოჩნდეს.

2018 წლის ბოლომდე სამი სუპერტურნირი რჩება: ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის ბაშოები.

ლევან გორგაძე ელიტარულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. სულ ორი წელი დასჭირდა უმაღლეს (მაკუუჩი) დივიზიონში ასასვლელად. 2013 წელს მან მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და სეკიტორის ელიტური სტატუსი დაკარგა. რვა თვის შემდეგ ისევ ნულიდან დაიწყო - ჯერ მესამე დივიზიონში (მაკუშიტა) მოიგო სამი ტურნირი, ხოლო შემდეგ მეორე დივიზიონში (ჯურიო) - ორი.

2014 წლის ბოლოს ტოჩინოშინი მაკუუჩიში დაბრუნდა და წელიწადნახევარში სუმოს იერარქიის მესამე საფეხურამდე - სეკივაკეს წოდებამდე ავიდა. ყველაზე წარმატებული კი მისთვის მიმდინარე წელია. სამ ბაშოზე ჩატარებული 45 ბრძოლიდან 37 მოიგო. იანვარში „იმპერატორის თასს“ დაეუფლა. მაისის ბაშოზე კი მეორე ადგილი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG