Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ განცხადება გაავრცელა გაეროში სირიის გადაწყვეტილების შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, 2017 წელი
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, 2017 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ​საქართველოს განცხადება - სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე - გავრცელდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სამინისტროს ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო დანიშნული, საქართველოს საკითხზეც ილაპარაკეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს. „ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში, და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა“, - განაცხადა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა. საქართველოს ოკუპაციის საკითხი ილაპარაკეს შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა. „საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით - როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაეროს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს“ - განაცხადა შვედეთის ელჩმა გაეროში. რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ილაპარაკა ბრიტანეთის წარმომადგენელმაც, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ ეს პრობლემა სცილდება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს საკითხს და მიმართულია საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ. სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG