Accessibility links

ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა:

"პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.

მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.

აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან.

ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე".

ყველა ახალი ამბავი

აქტივისტებმა ალტერნატიული სკვერის მშენებლობა დაიწყეს სადავო "ანას ბაღის" გვერდით

შაბათს ღამის 11 საათზე, "ანას ბაღის“ აქტივისტებმა და პარტიზანული მებაღეობის წევრებმა დაიწყეს სკვერის მოწყობა იმ პოლიგონის მახლობლად, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი."

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, თეა თოფურიას, უთხრეს აქციაში მონაწილეებმა, რაკი მერიამ მათ წაართვა ბაღი, ისინი ცდილობენ ბავშვებისათვის თავად შექმნან დასასვენებელი სივრცე. აქტივისტები შეუდგენ 160 ძირი ნარგავის დარგვას.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მე-2 მიკრორაიონში, სადაც აქტივისტებმა მშენებლობა დაიწყეს უკვე გამოჩნდნენ პოლიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ მოვიდნენ წესრიგის დასაცავად, რათა რაიმე ექსცესები არ მოხდეს.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

მოგვიანებით, ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით ირანის 4 მოქალაქე შეიყვანეს. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, თბილისის აეროპორტში ჩატარებული შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა აღენიშნათ და სტაციონარში საჭვო შემთხვევის გამო გადაიყვანეს:

საეჭვო შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კორონავირუსის ინფექცია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურის მომატება, დაუფიქსირდათ აეროპორტში და მაგიტომ მოიყვანეს. ესენი არიან მოქალაქეები ირანიდან. რამდენად ვიცი, ოთხივე თეირანი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოვიდა. ერთი მათგანი არის ახალგაზრდა ქალი, ხოლო სამი არის ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივეს აეროპორტში გეგმური შემოწმებით დაუდგინდა ტემპერატურის მომატება, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ოთხივე მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები ახლა ხვდებიან მათ. მიმდინარეობს მათთან გასაუბრება, შეხვედრა, კლინიკური გასინჯვა. მალე აუღებენ აგრეთვე სისხლის ანალიზებს. წინასწარი შედეგები იქნება ცნობილი დღეს გვიან, ხოლო საბოლოო პასუხები ახალი კორონავირუსის ინფექციაზე იქნება ხვალ, საღამოს საათებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ირანის 3 მოქალაქეს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს მოათავსეს.

ირანში ხუთს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანად კი ქვეყანაში სახიფათო ვირუსით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ახალი კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა. მისი განმარტებით, საბჭო შესაბამის საკითხზე უკვე ორი დღეა მსჯელობს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სთხოვს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041.

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გრან სლემის ჩემპიონი გახდა

ტატო გრიგალაშვილი

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე დღევანდელი პროგრამა საქართველოს ჰიმნით დასრულდა. 20 წლის ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების წევრი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალამდე ტატო გრიგალაშვილმა ხუთ მეტოქეს აჯობა. მათ შორის მსოფლიოს 2015 და 2017 წლების ჩემპიონებს: იაპონელ ტაკენორი ნაგასესა და გერმანელ ალექსანდრ ვიჩერზაკს.

დიუსელდორფის სამდღიანი გრან სლემი გუშინ დაიწყო. მამაკაცთა შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში უკვე შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრების თოთხმეტკაციანი შემადგენლობიდან კი რვამ იჭიდავა და მათგან ორი კვარცხლბეკზეც ავიდა. ქართული გუნდის მონაგარი გრიგალაშვილის ოქრო და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ვერცხლია.

ხვალ მედლები 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება და ქართველთაგან კონკურენციაში ჩაებმებიან ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე (100, კგ), გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე (+100 კგ).

აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის კამპანიის გაჩაღებისთვის კორონავირუსის თემაზე

კორონავირუსის კონტროლი ჩინეთში ერთ-ერთ სადგურზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტი რუსეთს ადანაშაულებს სოციალური ქსელის ათასობით ექაუნთის საშუალებით კორონავირუსის პრობლემის გარშემო პანიკის დათესვაში და ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გლობალური ძალისხმევის ძირის გამოთხრაში.

საუბარია ტვიტერის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის ბოტების საშულებით ისეთი თემის განვითარებით, რომელიც რუსეთიდან რამდენიმე ენაზე ვრცელდება.

„რუსეთის განზრახვა მდგმარეობს იმაში, რომ მავნე გავლენის დანერგვისკენ მიმართული ფარული კამპანიით შეიტანოს განხეთქილება და შიგნიდან გახლიჩოს აშშ-ის ინსტიტუტები. კორონავირუსის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთი ცდილობს, ყურადღების გადატანას ჯანდაცვის სფეროში გატარებული საპასუხო ზომებისგან და პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, -განაცხადა 22 თებერვალს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ რიკერმა

აშშ-ის წყაროების თანახმად, რუსეთი სოციალურ ქსელში ავითარებს დაუსაბუთებელ შეთქმულების თეორიას, რომ აშშ-ი დგას ჩინეთში COVID-19-ის ვირუსის აფეთქების უკან, რაც „ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული“ ვაშინგტონის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

ამ დეზინფორმაციის სამიზნეა ასევე, აშშ-ი და მისი წარმომადგენლები, მათ შორის „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, რომლებმაც ჯანდაცვის გლობალური პროგრამების რეალიზებისათვის მილიარდობით დოლარი გაიღეს.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ნოვი სანჟარიში ძალადობის უკან პროვოკატორები იდგნენ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა 20 თებერვალს ქალაქ ახალ სანჟარიში მომხდარი ძალადობის და პოლიციასთან შეტაკების ფაქტებზე, რომლის დროსაც 9 პოლიციელი დაშავდა.

დაპირისპირება დაიწყო იმ დროს, როდესაც ავტობუსებით ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ევაკუირებული უკრაინელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაჰყავდათ პოლტავის რეგიონში.

ქალაქის მაცხოვრებლებმა პოლიციასთან შეტაკებები გამართეს და შეეცადნენ ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევებით გადაეღობათ გზა ავტობუსებისთვის.

შაბათს ნოვი სანჟარიში პრესკონფერენცია გამართა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ძალადობაში მონაწილეობდნენ სხვა დასახლებული პუქნტებიდან ჩასული „პროფესიონალი“ პროვოკატორებიც.

„ეს ადამიანები არიან პროფესიონალები და როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, ისინი პროვოცირებისკენ უბიძგებენ სხვებს და შემდეგ ნელ-ნელა უჩინარდებიან. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა იციან, თუ ვისზეა საუბარი“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

ძალადობის შემდეგ უკრაინის პოლიცამ დააკავა 24 ყველაზე აგრესიული პირი. მოგვიანებით 23-ი გაათავისუფლეს, ერთი კი პატიმრობაში დატოვეს.

ნოვი სანჟარიში ჯერჯერობით კვლავ რჩება უკრიანის შინაგან სამქეტა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

გამყრელიძე: ირანიდან კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციაზე საბჭო ორი დღეა მუშაობს

ამირან გამყრელიძე

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ახალი კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა. მისი განმარტებით, საბჭო შესაბამის საკითხზე ორი დღეა, 21 და 22 თებერვალს, მსჯელობს.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იგი თავადაც არის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და პირადი რეკომენდაციები ირანთან მიმოსვლის შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხზე საბჭოს უკვე მისცა. „ღია ეთერით ჩემს პერსონალურ რეკომენდაციებზე ვერ ვილაპარაკებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება სერიოზული პრობლემაა ირანის მეზობელი ქვეყნებისთვისაც:

„გარდა საქართველოსი ირანს საზღვარი აქვს ძალინ ბევრ ქვეყანასთან ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. კუვეიტი, ერაყი და შესაბამისად საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. თუ როგორი ამაზე მოგხსენდებათ უკვე დეტალურად“, -აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ირანის 3 მოქალაქეს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს შეიყვანეს.

ირანში ხუთს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანად კი ქვეყანაში სახიფათო ვირუსით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონოვირუსის შედეგების თაობაზე ბოლო მონაცემები მოსახელობას 22 თებერვალს გააცნო ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანფურმა, რომელსაც დეტალებზე არ უსაუბრია.

ირანში კორონავირუსით გარდაცვალება პირველი შემთხვევაა ახლო აღმოსავლეთში.

ავღანეთში მცირე შეტაკება მოხდა „ძალადობის შემცირების“ გამოცხადების პირველსავე დღეს

გენერალი სკოტ მილერი

შაბათს, შეიარაღებული შეტაკება მოხდა თალიბებსა და ავღანეთის არმიის წარმომადგენლებს შორის ბალხის პროვინციაში, "ძალადობის შემცირების" შესახებ გამოცხადებული კვირეულის პირველსავე დღეს.

ორმხრივი შეტაკება შაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის არმიის კოლონამ თალიბების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე შესვლა სცადა. პროვინცია ბალხის ცალკეული ტერიტორიების კონტროლისათვის მრავალი წელია მიმდინარეობს ბრძოლა თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

შაბათს მომხდარი შეტაკების დროს მსხვერპლზე ცნობა არც ერთი მხრიდან გავრცელებულა.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიის სარდალმა ავღანეთში, ამერიკელმა გენერალმა სკოტ მილერმა შეიარაღებულ ინცინდენტს უწოდა „გაუგებრობა“ და დასძინა, რომ ნატოს მრავალეროვნული ძალები, ავღანეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ყურადღებით დაააკვირდებიან ძალადობის შემცირების ტენდენციას მომდევნო დღეებში.

თუ აშშ-სა და თალიბებს შორის მიღწეული „ძალადობის შემცირების“ ერთკვირიანი გარადამავალი რეჟიმი შენარჩუნდება, აშშ-ი და თალიბები 29 თებერვალს ხელს მოაწერენ შეთანხმებას ავღანეთიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გასვლის დაწყების შესახებ.

ევროკავშირში უშდეგოდ დასრულდა ბიუჯეტის თაობაზე გამართული სამიტი

ევროკავშირში უშედეგოდ დასრულდა ბიუჯეტის განსახილველად გამართული სამიტი ბლოკის მდიდარი ქვეყნების ჯგუფსა და სხვა წევრებს შორის მწვავე უთანხმოების გამო.

"ბი-ბი-სის" თანახმად, ლერძოდ მდიდარი ქვეყნებისგან შემდგარმა ე.წ. ეკონომიურმა ოთხეულმა - დანიამ, ავსტრიამ, შვეციამ და ნიდელრანდმა,განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან ბლოკის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტ ბიუჯეტს.

ევროკავშირის ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი, რაც მშპ-ის 1,069%-ს ანუ, ტრილონ ევროზე მეტს შეადგენს, ევროკავშირის საბჭიოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის, წინადადებით შემუშავდა.

თუმცა, ევროკავშირის შიგნით არსებობს წინააღმდეგობა, როგორც ბიუჯეტის პარამეტრების, ისე მის განაწილების მხრივ.

კავშირის ეკონომიკურად შედარებით სუსტ, ბენეფიციარი ქვეყნებს, სურთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი იყოს უფრო მეტი, ანუ მშპ-ის 1,074%-ი და თანხის ნაწილი დაიხარჯოს ღარიბი რეგიონების და ფერმერების სუბსიდიებაზე.

ეკონომიაზე ორიენტირებულ ქვეყნებს სურთ, რომ პრიორიტეტული იყოს საზღვრის კონტროლი, უსაფრთხოება, დიგიტალიზაცია და კლიმატის ცვლილება.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა „ძალიან დიდი უთანხმოების“ გამო, თუმცა, ანგელა მერკელმა გააფრთხილა ევროკაშირის ქვეყნები, რომ „მოუწევთ, დაუბრუნდნენ ამ საკითხს“.

ევროკავშირის მოქმედი ბიუჯეტი გათვალისწინებულია 2020 წლის ბოლომდე. ახალმა, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა, 2021-2027 წლამდე პერიოდი უნდა მოიცავს.

ილია მეორე: 42 წელია მე ვარ სამიზნედ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის მიქაელისა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური და მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში მისულმა სტუმრებმა მთაში მცხოვრებთა სახელით პატრიარქს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და აღორძინებაში.

კორონავირუსით იტალიაში ერთი კაცი დაიღუპა

იტალიაში შაბათს ერთი კაცი დაიღუპა კორონავირუსით, რაც ამ ახალი ვირუსის გავრცელების შემდეგ ევროკავშირში დაინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას, თანახმად, გარდაცვლილი იტალიის ვენეტოს რეგიონის 78 წლის ბინადარია. პაციენტი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში.

მთლიანობაში იტალიაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების 20 შემთხვევა.

ლომბარდიის რეგიონში კარანტინში იმყოფება 150 კაცი.

COVID-19 -ის ვირუსმა დეკემბრის ბოლოს დაიწყო გავრცელება ჩინეთში. კორონავირუსით დღეისათვის დაავადებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 78 ათასს არწევს, აქედან 76 ათასი - ჩინეთიდანაა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსით დაიღუპა 2360 კაცი.

ამასთან, 20 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა და გაეწერა საავადმყოფოებიდან.

სანდერსმა „ბანდიტი“ უწოდა პუტინს რუსეთის მხრიდან მის სასარგებლოდ ჩარევაზე ცნობის პასუხად

ბერნი სანდერსი

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების ერთ-ერთმა რეალურმა კანდიდატმა, სენატორმა ბერნი სანდერსმა, დაგმო რუსეთის მცდელობა ჩაერიოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის სასარგებლოდ და „ბანდიტი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

სანდრესის ამ განცხადების ფონია „ვაშინგტონ პოსტში“, აშშ-ის დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რუსეთი ერევა ბერნი სანდერსის სასარგებლოდ.

„გულახდილად ითქვას, არ მადარდებს, თუ ვისი გახდომა სურს [ვლადიმირ პუტინს] პრეზიდენტად. ჩემი მესიჯი პუტინისადმი მკაფიოა: ხელები შორს აშშ-ის არჩევნებისგან და ამას მისგან მე მივაღწევ, როგორც პრეზიდენტი“, - განაცხადა ვერმონტში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს 78 წლის ბერნი სანდერსმა.

მოახლოებულ არჩევნებში დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე სავარაუდო მთავარმა ოპონენტმა ასევე დასძინა, რომ დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, იგი პუტინს მიიჩნევს არა „კარგ ადამიანად“, არამედ „ბანდიტად“, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და ჩაახშოს განსხვავებული აზრი რუსეთში.

„ვაშინგტონ პოსტის“ 21 თებერვლის სტატიის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბერნი სანდერსს აცნობეს, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს მის კამპანიას. დაზვერვისგან ასეთი ინფორმაციის მიღება დაადასტურა ბერნი სანდერსმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მომავალ არჩევნებში რუსეთი ერევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

New York Times-ის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურმა პირებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილეს, რომ რუსეთი უკვე ერევა საარჩევნო პროცესში და დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის მხარდაჭერას ცდილობს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ცნობას უწოდა დემოკრატების მიერ წამოწყებული დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანია.

ბორჯღალოსნებმა ქუთაისში დაამარცხეს ბელგიის ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში, გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა ბელგიის ნაკრებს, ორ ტაიმში თორმეტი ლელო გაუტანა და 72-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა - 78:6. ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ შეიტანა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც ნაკრების შემადგენლობაში მეორე შეხვედრა ჩაატარა.

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბელგიასთან დაპირისპირებამდე თბილისში მოუგეს რუმინეთს (41:13) და მადრიდში ესპანეთს (23:10). 7 მარტს, მეოთხე ტურში პარიზში ეთამაშებიან პორტუგალიის ნაკრებს. 14 მარტს კი თბილისში უმასპინძლებენ რუსეთს.

ყაზახეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის 100-მდე მონაწილე დააკავა

წინასწარი მონაცემებით, პოლიციამ 22 თებერვალს ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ასამდე დემონსტრანტი დააკავა, დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული პარტიის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის.

ალმათის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სკანდირებდნენ „თავისუფლება“.

ყაზახეთში აკრძალულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა, მიუხედავად პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის დაპირებისა, რომ ქვეყნაში გატარდებოდა აუცილებელი რეფორმები.

პარასკევს, აქციების გამართვამდე, პოლიციამ დააკავა ყაზახეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რეჟისორი ჟანბოლატ მამაი. მან სააგენტო „ფრანს პრესს“ აუწყა, რომ მას და მის დაახლოებით 10 თანაპარტიელს ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

ყაზახეთში 2019 წლის მარტში ხელისუფლება შეიცვალა. ქვეყნის მრავალწლიანმა ლიდერმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მის მემკვიდრედ დასახელდა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელიც 9 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით ოფიციალურად გახდა ქვეყნის ერთმმართველი ლიდერი.

ნაზარბაევის გადადგომამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად დედაქალაქ ასტანას უწოდა ნურსულთანი.

ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ

ამირან გამყრელიძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ანალიზის პასუხებით მათ მსუბუქი რესპირაციული ვირუსები აქვთ:

„ირანიდან ჩამოსული 3 მოქალაქეა, ერთი ოჯახის წევრები, ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, დილას აიღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე და ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ დამთავრდა ეს კვლევები. უარყოფითია კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რინოვირუსულ ინფექციებზე ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ გადაწყვეტილებას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს.

ირანის სამი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. ქალი და ორი მოზარდი, დედა და შვილები ირანის ქალაქ ყომიდან არიან. მათგან ტემპერატურა ორ პირს, 8 და 13 წლის მოზარდებს ჰქონდათ.

ირანი იუწყება კორონავირუსით მეხუთე ადამიანის გარდაცვალებას

კორონავირუსზე შემოწმება ირანში

ირანში ხუთს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანად კი ქვეყანაში სახიფათო ვირუსით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონოვირუსის შედეგების თაობაზე ბოლო მონაცემები მოსახელობას 22 თებერვალს გააცნო ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანფურმა, რომელსაც დეტალებზე არ უსაუბრია.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ ირანში კიდევ ორი პირი იმსხვერპლა კორონავირუსმა.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.

ირანში კორონავირუსით გარდაცვალება პირველი შემთხვევაა ახლო აღმოსავლეთში.

იტალიაში სპეცსამსახურმა რუსი ბიატლონისტების სასტუმროს ნომრები გაჩხრიკა

ალექსანდრ ლოგინოვი

შაბათს დილიდან, იტალიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რუსი ბიატლონისტების, ალექსანდრ ლოგინოვისა და ევგენი გარანიჩევის, ასევე მათი მწვრთნელის, ალექსანდრ კასპეროვიჩის, სასტუმროს ნომრები გაჩხრიკეს. ამის თაობაზე რუსულ მედიას აცნობა რუსეთის ბიატლონისტების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსეი ნუჟდოვმა.

არსებობს ვარაუდი, რომ ჩხრეკა უნდა უკავშირდებოდეს დოპინგის გამოყენების საქმეს.

რუსეთის ბიატლონისტთა კავშირის ცნობით, იტალიის სამართალდამცველი ორგანოების ეჭვი შეეძლო გამოეწვია კასპეროვიჩის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა, კერძოდ, უკრაინის ნაკრების აკრედიტაციით ყოფნას.

საიტ Championa t.com-ის ცნობით, ჩხრეკა ბიატლონისტთა საერთაშორისო მსოფლიო ფედრაციის ანატისადოპინგო უწყების ახალი მენეჯერის, სარა ფუსეკის, ინივიატივით უნდა ჩატარებულიყო.

ლოგინოვი ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია. სპორტსმენი 2013-დან 2016 წლამდე სამი წლით იყო ჩამოშორებული შეჯიბრებებისგან დოპინგის გამოყენების გამო.

მეტოქეები ლოგინოვს ადანაშაულებდნენ, რომ დღემდე არ უღიარებია, თუ როგორ მოხვდა აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში.

ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში 13 თებერვლიდან დაიწყო და 23 თებერვალს დასრულდება. ლოგინოვმა ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რუსი სპორტსმენი აცხადებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იგი დოპინგზე 12-ჯერ შეამოწმეს და ვერაფერი აღმოუჩინეს.

შაბათს, 22 თებერვალს საღამოს ლოგინოვმა და გარანიჩევმა მამაკაცების ესტაფეტურ რბოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

გახარია ტატუნაშვილზე: პატივს მივაგებთ გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს

არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2 წლის წინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წილკანში ეწვია. თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, - განაცხადა მან. არჩილ ტატუნაშვილის მოკვლიდან გასული 2 წლის თავზე გახარიამ განაცხადა, რომ მისი ხსოვნა არის ის, რაც ყველას უნდა გვაერთიანებდეს:

„ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ რა იყო?! ქვეყნის გაერთიანება! მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენი ადამიანია.

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად დღეს, 22 თებერვალს წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს

„ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა“, - ასე უწოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა. 22 თებერვალს აქცია გაიმართა სამოქალაქო მოძრაობის, „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, ორგანიზებით. მას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარებისა და ქვეყნის დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.

„პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა და შენობის გაყიდვა ნიშნავს, რომ ქალაქი მთლიანად კარგავს შინაარსს“, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა მიხეილ მუმლაძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლის ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით კი, შენობა საპარლამენტო მუშაობისთვისაა შექმნილი და მასში სხვა უწყების განთავსება მიუღებელია.

ქუთაისში, პარლამენტის შენობა 2019 წლის იანვრიდან დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.

ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პროცესი უკვე დაიწყო.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ ირანელ მოზარდს პნევმონია არ აღმოაჩნდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ, ახალ კორონავირუსზე ტექსტირების პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში განთავსებული 3 მოქალაქიდან ტემპერატურის მატება 8 და 13 წლის მოზარდებს აღენიშნებათ, დედა კი ამ დროისათვის ჯანმრთელადაა. მისი განმარტებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა:

„აეროპორტში ამ სამი პირიდან ორს ტემპერატურა დაუფიქსირდა, სამივე მათგანი ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენს ცენტრში პაციენტებად გაფორმდნენ მხოლოდ ბავშვები, 8 წლის და 13 წლის ბიჭები. ჩატარებული გამოკვლევებით, ორივესთან გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშომლები ტესტირებას ჩაატარებენ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე. A და B ტიპის გრიპის ვირუსები გამოირიცხა. ამ ეტაპზე ეს პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით გადიან. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან აუცილებელი არ არის. რაც შეეხება დედას, ის ინფიცირებული არ არის, თუმცა მეთვალყურეობას ისიც გადის“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

ირანის სამი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. ქალი და ორი მოზარდი დედა და შვილები არიან. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ისინი არიან ირანის ქალაქ ყომიდან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა.

თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე საქმე 6 პირის წინააღმდეგ აღიძრა

Georgia -- State Security Service of Georgia. Tbilisi, 01Dec2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა.

აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.

შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

თავის მხრივ, სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს ასევე შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს და სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე..

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ დედასა და შვილებს კორონავირუსზე კვლევები უტარდებათ

ამირან გამყრელიძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს ირანიდან ჩამოსული სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ისინი ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილები არიან. ამირან გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსზე შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ირანში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, საქართველოში შესაბამისი ზომები გატარდება:

გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით.ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია. ამიტომ ვფიქრობთ შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებული 34 პირი ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლის

ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. აღნიშნულ სასტუმროში ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

საჩხერეში გადაყვანამდე მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 თებერვლის ღამითვე ჩაუტარდათ შესაბამისი შემოწმება, გაიარეს ეპიდემიოლოგის კონსულტაციაც - მათ აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდათ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძის თანახმად, ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებული 34 მოქალაქიდან აეროპორტში შემოწმებისას საეჭვო სიმპტომები არც ერთს აღმოაჩნდა.

„გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. დღეს არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ორი კვირა კარანტინში გაატარონ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, რომელიმე მათგანს, დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, რა თქმა უნდა, მაშინ მათი გადაყვანა მოხდება უკვე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ირანში კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი პირი გარდაიცვალა

ირანი 21 თებერვალს იტყობინება, რომ კიდევ ორი პირი იმსხვერპლა კორონავირუსმა ამ ქვეყანაში. სულ ისლამურ რესპუბლიკაში დაავადებულია 18 ადამიანი, დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია.

„13 ახალი შემთხვევა გვაქვს, თქვა ჯანდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანფურმა. „სამწუხაროდ, ორი მათგანი გარდაიცვლა“, თქვა მან.

ცნობით, ყომის გარდა, სადაც შვიდი შემთხვევა აღირიცხა, ოთხი კორონავირუსით დაავადებული პირი თეირანშია და ორი - გილანში.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ირანში დაავადებით გარდაცვლილები პირველ შემთხვევას წარმომადგენენ ახლო აღმოსავლეთში.

ირანის მეზობელ სომხეთში, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა თქვა, მეთვალყურეობის ქვეშაა ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრები.

ტრამპი უარყოფს როგორც დეზინფორმაციას, გავრცელებულ მტკიცებას, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ერევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო როგორც დეზინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური თანამშრომლის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ რუსეთის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დახმარებოდა მას კვლავ არჩევაში.

ტვიტერით ტრამპის მიერ 21 თებერვალს გავრცელებულ პოსტში წერია, რომ „ ეს არის დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანია ... რომელიც დემოკრატებმა წამოიწყეს კონგრესში“.

იმავე დღეს რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ეს ცნობები უარყო, როგორც „პარანოიდული განცხადებები“. „მათ სიმართლესთან არფერი აქვთ საერთო", თქვა პესკოვმა.

„ნიუ იორკ ტაიმსმა“, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ასოშიეიტედ პრესმა“ ცალ-ცალკე გაავრცელეს ცნობა, რომ აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლების მიერ გაფრთხილება გამოითქვა დახურულ კარს მიღმა გამართული ბრიფინგის დროს 13 თებერვალს. ისინი იმოწმებდნენ ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც ბრიფინგზე ნათქვამს იტყობინებოდნენ და არ სურდათ ვინაობის გამხელა.

„ტაიმსი“ წერდა, რომ ბრიფინგმა გააბრაზა ტრამპი, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატებს ბრიფინგის მის წინააღმდეგ გამოყენება სურთ.

აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა დაასკვნეს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთი ჩაერია სოციალურ მედიაში კამპანიების გზით. რუსეთმა უარყო ჩარევა.

ბრიტანული ფირმა უდაბნოთი მდიდარ თურქმენეთს ქვიშას მიჰყიდის

თურქმენეთი, შუა აზიის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 80 პროცენტს ქვიშის უდაბნო წარმოდგენს, მილიონ გირვანქა სტერლინგს ( $1,289,000) გადაუხდის ბრიტანულ ფირმა „ენდრიუ ბოუენს“ ათი ათასი ტონა ქვიშისთვის, რომელიც დოღის ახალი სარბენი ბილიკისთვის უნდა გამოიყენოს.

“ენდრიუ ბოუენის“ წარმომადგენელმა, საიმონ ბოუენმა რადიო თავისუფლებას 20 თებერვალს ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ თურქმენეთთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია აპრილამდე მიაწოდებს თურქმენეთს ყველა საჭირო კომპონენტს: ათი ათას ტონა ქვიშას ლანკაშირიდან, ასევე სინთეტიკურ მასალას და ცვილს, რომლებიც საჭიროა დოღის ბილიკებისთვის.

ბოუენმა „ბი-ბი-სის“ უთხრა ადრე, რომ თურქმენულ ქვიშას ცუდი ტექსტურა და ფორმა აქვს, როცა „ლანკაშირის ქვიშა“ უკეთესია დოღის სარბენი ბილიკებისთვის.

ცნობა, თურქმენეთის მიერ ბრიტანეთში ქვიშის შესყიდვის შესახებ გავრცელდა ეკონომიკური პრობლემების გამო თურქმენეთის მიერ ხარჯების შემცირების ზომების გატარების ფონზე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG