Accessibility links

პრემიერ კვირიკაშვილის დაპირებები აქციის მონაწილეებს


ხვალ დილიდან შს საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე- პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს, ის იქნება ხელმძღვანელი ამ პროცესის და მე, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად ამ პროცესს.

მეორე - დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა იქნას წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას - იმ პერიოდში, რა პერიოდიც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.

მესამე - ეს გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია და გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძება ფართო ფენების ლეგიტიმაციით, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი-პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საზოგადოება მთლიანად, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პროფესიონალურ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადის მაქსიმალური ეფექტურობის გამოყენებით და რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს. ასევე მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე ყოველდღურად, რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას.

მე ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ, ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის, ეს მომენტი არ დამდგარა. ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს პასუხი გავცეთ უმოკლეს ვადაში და ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყნაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა 31 მაისს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისულ პრემიერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მიმართვის საშუალება არ მისცეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG