Accessibility links

კიმ ჩენ ინი ლავროვს: ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას ეტაპობრივად ვაპირებთ


ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარში განაცხადა, რომ ის კვლავაც ერთგულია კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების დაპირებისა - იუწყება ოფიციალური სააგენტო KCNA. ფხენიანში 31 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კიმმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის უთანხმოება, ისევე, როგორც ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხი "ეტაპობრივად გადაიჭრება" და "ამ საკითხების გადაჭრის პროცესი წარიმართება ეფექტიანი და კონსტრუქციული დიალოგითა და მოლაპარაკებებით" - იუწყება KCNA. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ გახშირდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის და მიმდინარე წელს ორმხრივი სამიტიც გაიმართება. ლავროვის ვიზიტის ფონია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნის შეხვედრა ნიუ-იორკში, სადაც განიხილეს კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის ისტორიული სამიტის გამართვის შესაძლებლობა, სინგაპურში, 12 ივნისს. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის უთანხმოებას წარმოშობს "ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების" დაპირების განსხვავებული ინტერპრეტაცია. ორივე მხარე აცხადებს, რომ მომხრეა, თუმცა მათ განსხვავებულად წარმოუდგენიათ ამ მიზნისკენ სავალი ნაბიჯები. ვაშინგტონს სურს ჩრდილოეთი კორეა სწრაფად გათავისუფლდეს მთელი ბირთვული არსენალისგან, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ფხენიანი კი ეტაპობრივი პროცესის მომხრეა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG